English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ პაატა კოღუაშვილი იოსებ არჩვაძე
სურსათის წარმოების რეგიონული და დარგობრივი ორიენტირები

ამას ეჭვი არ უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა მიწათმომქმედი ქვეყანაა და ერთადერთი წარმოება, რომელსაც იგი ამოქმედებს, სასოფლო მეურნეობაა, ესე იგი იმისთანა წარმოება, რომელსაც პირდაპირ მიწასთან აქვს საქმე და მიწის მოქმედებასთან ....ქვეყნის ეკონომიური სიმტკიცე და ძლიერება გლეხკაცობის მიწათმფლობელობაზეა დამოკიდებული. რამოდენადაც ეგ მიწათმფლობელობა ფართოა, სხვაზედ დამოუკიდებელი და თავისუფალი მიწათმოქმედებისათვის, იმოდენად ქონებითი ძალ-ღონე ქვეყნისა, თუ სახელმწიფოსი მტკიცეა, ძლიერი და მუდმივი.

                                                                                                                             ილია ჭავჭავაძე

      

ანოტაცია. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მრავალი კომპონენტიდან ერთერთ უმნიშვნელოვანესს სასურსათო უსაფრთხოება წარმოადგენს. მის უზრუნველყოფაში პოლიტიკურ და რესურსულ პოტენციალთან  ერთად სულ უფრო მზარდ როლს ასრულებს რეგიონული ასპექტი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ პირობებს, წარმოების სპეციალიზაციას და კულტურას, შესაბამისი პროფილისა და გამოცდილების მქონე საკმარისი რაოდენობის საწარმოო ძალების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს - სამუშაო ძალას, ამ უკანასკნელის დაინტერესების, მოტივაციის, ადგილზე მოზიდვისა და შენარჩუნების უზრუნველყოფას. მასვე უკავშირდება აგრეთვე როგორც მთელი ქვეყნის, ისე მისი რეგიონების მიხედვით სხვადასხვა სოციალური ძალების, ინდივიდუალური და კორპორაციული ინტერესების დაბალანსების პრობლემა. ნებისმიერი სახელისუფლებო პოლიტიკის, კონცეფციის თუ პროგრამის წარმატება დამოკიდებულია ზემოხსენებულ ინტერესთა როგორც ვერტიკალურ (სახელმწიფო - კორპორაცია - ინდივიდი), ისე ჰორიზონტალურ (ცენტრი - რეგიონი)  დაბალანსებაზე. ამასთან,  სწორედ რეგიონის დონეზე ვლინდება სახელისუფლებო გადაწყვეტილების მართებულობა, რაციონალურობა და ეფექტიანობა. ამ მიმართულებით, მიუხედავად ბოლო წლებში საქართველოში აშკარა წინგადადგმული ნაბიჯებისა, შეინიშნება სისტემური ნაკლოვანებები, რომლებიც ხელს უშლიან ვითარებას, რომლითაც, ერთი მხრივ, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება ჯერაც საკმაოდ მოწყვლადია საგარეო რისკებისა და გამოწვევებისადმი და მეორე მხრივ, განაპირობებს სოფლის მეურნეობისათვის არაპრესტიჟული ეკონომიკის ყველაზე „სუსტი რგოლის“ სტატუსის აღმნიშვნელი სტიგმის შენარჩუნებას. 

საკვანძო სიტყვები: სასურსათო უშიშროება, აგრარული სექტორი, აგროწარმოების სპეციალიზაცია, რეგიონული ორიენტირები, მთიანი რეგიონი.

JEL: Q1, R1. 

შესავალი

სასურსათო უშიშროების პრობლემის, როგორც სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველმყოფი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის,  გადაწყვეტა მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევას რეგიონალურ დონეზე. ეს ისეთი ამოცანაა, რომლის წარმატებით გადაჭრისათვის არაა საკმარისი მხოლოდ ცენტრის აქტიურობა, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქმედო პროგრამები - საჭიროა რეგიონული ფაქტორების სრულმასშტაბიანი გამოყენება, რაც  ადგილობრივი შრომითი რესურსების მოტივაციის უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, აგრარული სექტორის განვითარება, ამგვარი განვითარების რეგიონული და დარგობრივი ორიენტირების ვექტორალური ჰომოგენობის მიუღწევლად შეუძლებელია. მაგრამ, ამისთვის უპირველეს ყოვლისა შესაქმნელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, განსასაზღვრია პრიორიტეტები და ჩამოსაყალიბებელია სასურსათო უშიშროების უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა. ეს სტრუქტურა უნდა ეფუძნებოდეს რეგიონის სპეციფიკას, წარმოების კულტურას, ტრადიციებს, მათ შორის შეფარდებითი უპირატესობის ფაქტორს.

რეგიონულ დონეზე გადასაჭრელი ამოცანების გადაჭრა დიდწილად დამოკიდებულია სურსათის მწარმოებელ ამა თუ იმ რეგიონში არსებულ შესაძლებლობებზე, რაც თავის მხრივ, უკავშირდება საერთო სახელმწიფოებრივ დონეზე სურსათის წარმოების სტიმულირებას, , მის შესასყიდად საჭირო თანხების აკუმულირებასა და  სურსათის სადაზღვევო და სამობილიზაციო მარაგების შექმნასთან.  

სასურსათო უზრუნველყოფის დონე და გამოწვევები

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღ დგენის პირველ ათწლეულში სურსათით უზრუნველყოფის დონის საერთო შემცირების პირობებში აღნიშნული დონე  ყველაზე მეტად დაეცა გურიის, სამეგრელოს და კახეთის რეგიონებში, შედარებით ნაკლებად - იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. ამასთან, მოსახლეობის კვების რაციონის ფაქტიური ენერგეტიკული ფასეულობა გაცილებით ნაკლებად ჩამორჩებოდა მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმებით გათვალისწინებულ მაჩვენებელს, ვიდრე სასურსათო უზრუნველყოფის საშუალო დონე, გაანგარიშებული კვების ძირითადი მოხმარების პროდუქტების მიხედვით.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ შორსაა არათუ საკუთარი წარმოების, არამედ ზოგადად, სასურსათო პროდუქტებით სრული უზრუნველყოფისაგან. მაგალითად, ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარება რაციონალური მოხმარების სარეკომენდაციო ნორმის მხოლოდ 60 პროცენტის დონეზეა. -  მოსახლეობის ერთ სულზე ფაქტობრივად წლიურად მოხმარებული 38 კგ ხორცისა და ხორცპროდუქტებიდან ადგილობრივი წარმოების წილად მოდის  19.7 კგ - რაციონალური ნორმის მხოლოდ 31.3 პროცენტი.

 ასეთ პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის ოპტიმიზაციის პრობლემის გადაწყვეტა, რისთვისაც საჭიროა:

1. სოფლის მეურნეობის განვითარების არსებული და პოტენციური დონის დადგენა;

2. დარგების სწორი სელექცია იმ პრიორიტეტული დარგების გამოყოფით, რომლებიც საბაზრო ურთიერთობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს (ე.ი. დარგი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს ქვეყნის შიდა და გარე ბაზარზე);

3. საკუთარი წარმოებისა და იმპორტის შეწონასწორებული, ოპტიმალური მოდელის შერჩევა.

აღნიშნული საკითხები დასამუშავებელია როგორც მთლიანად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონების მიხედვითაც, რაშიც დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ აგრარული პროფილის მეცნიერებსა და სპეციალისტებს.

ამასთან, სურსათით (ან ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი რესურსით) თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას არ უნდა მოყვეს რეგიონის „ავტონომიზაცია", ქვეყნის საერთო ამოცანების, საერთო ბიზნეს-პრინციპების და საერთოდ აღიარებული კანონების (აბსოლუტური უპირატესობის და ფარდობითი უპირატესობის) მოთხოვნათა უგულვებელყოფა. პირიქით, რეგიონის თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება, ადგილზე არსებული რესურსების რაციონალურ გამოყენებას და პროდუქციის უფრო დაბალ თვითღირებულებას უნდა ემყარებოდეს. საბოლოო ანგარიშით, ის ხელს უნდა უწყობდეს ქვეყნის სასურსათო უშიშროების ყოველმხრივ განმტკიცებას.

სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე დამოუკიდებელი პოზიციონირებისა და შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ახალი როლის ძიებამ და „მიჩენამ“ პირველ ეტაპზე საგრძნობლად დააზიანა აგრარული სექტორის ის დარგები და რეგიონები, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებულნი იყვნენ. საფასო პარიტეტი, საექსპორტო პროდუქციასა და ძირითად იმპორტირებული პროდუქციის ფასებს შორის, კონიუნქტურის ცვლილების გამო, საქართველოსათვის საგრძნობლად გაუარესდა. მაგალითად, 1990-იანი წლების შუა ხანებში ერთ და იმავე რაოდენობის იმპორტის უზრუნველსაყოფად საჭირო იყო 5-ჯერ მეტი ციტრუსების რეალიზაცია 6-7 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით. მართალია, ადრინდელ „ექსპორტორიენტირებულ რეგიონებში“ მოხდა სპეციალიზებული დარგების (მევენახეობის, მეჩაიეობის, მეციტრუსეობის, ეთერზეთოვნების და სხვა) ერთგვარი ჩანაცვლება სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი დარგებით (მარცვლეული, მზესუმზირა, ბოსტნეული, კარტოფილი...), მაგრამ მან ვერ მიიღო ისეთი მასშტაბები, რომლებიც მოახდენდა წარმოქმნილი სასურსათო დეფიციტის კომპენსაციას. ჩვენი შეფასებით,  საქართველოს აქვს შესაძლებლობა, 10 ძირითადი სოფლის მეურნეობის პროდუქტიდან 7-ზე უკვე უახლოეს წლებში სრულად დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილებები  (კარტოფილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხილი, რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზი). რაც შეეხება ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა პური და პურპროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები, აგრეთვე შაქარი, კვლავ მნიშვნელოვანწილად იმპორტის ხარჯზე მოხდება, მაგრამ აქაც თვისებრივ, პოზიტიურ ცვლილებების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. მაგალითად, მარცვლეულის ნათესების ფართობისა და საჰექტარო მოსავლიანობის, სულ ცოტა, გაორმაგების ხარჯზე. ქართველ აგრარიკოს მეცნიერთა და უცხოელ ექსპერტთა შეფასებით,  აგრარული სექტორის თანამედროვე მოთხოვნების დონეზე გასასვლელად, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფაში აბსოლუტური წვლილის შეტანისათვის, აუცილებელია მისი მართვის პრინციპების სერიოზული კორექცია, უფრო ქმედითი სახელმწიფო მხარდაჭერა, სუბსიდირების სისტემის გაფართოება, მიწების პარცელიზაციის დაძლევა, სპეციალიზირებული აგრარული პროფილის ბანკის ფორმირება, შეღავათიანი საკრედიტო პოლიტიკის გატარება და კოოპერირების წახალისება. აღნიშნულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ სასურსათო ბაზრის განვითარებაში და საბოლოო ჯამში, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 

სოფლის მეურნეობის დაჩქარებული განვითარების ფაქტორები და

სახელმწიფოს აგროპოლიტიკა

აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიული კურსი გულისხმობს აღნიშნული დარგის ეროვნული მეურნეობის მყარ რგოლად ჩამოყალიბებას, მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის გაუმჯობესებაში მზარდი როლის შესრულებას და შესაბამისად, იმპორტდამოკიდებულების შემცირებას.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია დარგის ფონდ-, კაპიტალშეიარაღების არსებითი გაუმჯობესება, რაც ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია. მაგრამ ამ პროცესს დიდწილად  მიწების პარცელიზაცია უშლის ხელს. 2021 წელს საქართველოში აგრარულ სექტორში შექმნილ ყოველი 1000 დოლარის დამატებულ ღირებულებაზე მხოლოდ 1.62 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოდიოდა, მთლიანად ეროვნულ მეურნეობაში - 76.0 დოლარის, მათ შორის აგრარული სექტორის გამოკლებით - 81.6 აშშ დოლარი. ფაქტობრივად, ერთეულ დამატებულ ღირებულებაზე უცხოური ინვესტიციების მოცულობა სოფლის მეურნეობაში  50.4-ჯერ ნაკლებია ეკონომიკის დანარჩენ სექტორებთან შედარებით. ამ მიზნით საჭიროა კაპიტალის ბაზრის განვითარება, რის ხელშემწყობი ფაქტორებია საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ჯერ კიდევ შედარებით იაფი სამუშაო ძალა;

- სოფლის მეურნეობის განვითარების სპეციალიზებული ფონდის შექმნა, რომლის წყაროდ შესაძლოა გამოყენებული იქნეს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან გრანტების სახით შემოსული სხვადასხვა დახმარებების მონეტიზაციით მიღებული სახსრები და სხვა მიზნობრივი დახმარებები. ამავე დროს, აუცილებელია გაგრძელდეს სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ მეჩაიეობის და სხვა მრავალწლოვანი ნარგავების სარეაბილიტაციო პრაქტიკა.

 მეცხოველეობის, როგორც სოფლის მეურნეობის  უმნიშვნელოვანესი დარგის ყოველმხრივი განვითარება ორგანულად უკავშირდება მოსახლეობის მატერიალურ კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლების უზრუნველყოფას, ადამიანისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მაღალკალორიული პროდუქტების ხარჯზე კვების ულუფის სტრუქტურის სწორად დაბალანსებას. ამ თვალსაზრისით, მეცხოველეობის განვითარება დარგში არსებული ეკონომიკური ზრდის ინტენსიურ და ექსტენსიურ შესაძლებლობებს, პირველ რიგში კი საკვები ბაზის შექმნისა და სანაშენო საქმის ახლებურ ორგანიზაციას უნდა დაემყაროს.

საქართველოში მეცხოველეობის განვითარების ძირითადი საწარმოო ბაზა მისი  მთიანეთია. აქ მეცხოველეობის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო არტერიის - მთიანეთის - აღორძინების, მოსახლეობის შენარჩუნება-განვითარებისა და თავდაცვის უპირველესი პირობა იქნება.

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მთიანეთის ფუნქცია რადიკალურად შეიცვალა, რაც ძირითადად საქართველოს, როგორც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი შემადგენელი სუბიექტის, თვისებრივად ახალმა როლმა განაპირობა. კერძოდ, ამ პერიოდიდან არსებითად იცვლება სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა - მარცვლეული კულტურების წარმოების არაპრიორიტეტულად მიჩნევითა და  სამხრეთული და სუბტროპიკული კულტურების წარმოების გადიდების სასარგებლოდ.

სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციის მკვეთრ შეცვლას (აგრეთვე ამავე პერიოდში მძიმე მრეწველობის დარგების უპირატეს განვითარებაზე აქცენტის აღებას) გარკვეულწილად მთიანეთიდან მოსახლეობის მიგრაციაც უნდა მოჰყოლოდა, რადგან ბარში სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას დამატებითი შრომითი რესურსები ესაჭიროებოდა. ამ მიზნით ამუშავდა საბჭოთა პროპაგანდის ყველა საშუალება, მათ შორის კინოხელოვნებაც. გაჩნდა კინოფილმები `ისინი ჩამოვიდნენ მთიდან~, `საბუდარელი ჭაბუკი~ და სხვა, რომლებიც მთიელებს ბარისაკენ უხმობდნენ. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მთიდან მოსახლეობის მიგრაცია ბარში საბჭოთა პერიოდში ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თუ მთიანეთს ისტორიულად თავდაცვითი (სასაზღვრო), სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ხორცი, რძე, ერბო, ტყავი, მატყლი და ა.შ.) წარმოებისა და  კულტურულ ფასეულობათა შენახვის (შენარჩუნების) ფუნქცია ეკისრებოდა, ახალ რეალობაში მთიელი კაცი უფუნქციოდ დარჩა. სულ მალე, როცა ნათლად გამოიკვეთა Mმთის დაცარიელების უარყოფითი ეკონომიკური და სოციალური შედეგები, იგივე საბჭოთა ხელისუფლება  შეეცადა გამოესწორებინა დაშვებული შეცდომა, მაგრამ ეს  ვეღარ მოახერხა (მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზაციის მეშვეობითაც). საქმეს ვერც მატერიალური სტიმულირების ახალმა მეთოდებმა და საპირისპირო პროპაგანდის მატარებელმა ახალმა ლიტერატურულმა ნაწარმოებებმა და კინოფილმებმა უშველა (`მთას დაუბრუნდა მთიელი~, `ცისკრის ზარები~, `თუში მეცხვარე~ და სხვა). - მთა კვლავაც იცლებოდა და დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდისათვის მთიანეთი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად დაცარიელებული იყო. ამჟამად ყოველ კვადრატულ კილომეტრზე მოსახლეობის სიმჭიდროვე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ჯერადად ჩამორჩება მის უშუალო მოსაზღვრე რუსეთის ფედერაციის შესაბამის რეგიონებისას. ამიტომაცაა, რომ ერთ დროს მთიელებით დასახლებული ადგილები არც¬თუ იშვიათად უცხო ტომები  იკავებდნენ და სრულად სარგებლობდნენ მთის სიკეთით (განსაკუთრებით სათიბი-საძოვრებით).  

საქართველოს დამოუკიდებლობამ უწინარეს სარეალიზაციო ამოცანათა შორის მთისა და ბარის ისტორიული ფუნქციების აღდგენა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გათანაბრების საკითხი დააყენა. ამ მიმართულებით გადაიდგა პირველი ნაბიჯებიც, მაგრამ, მიუხედავად ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობისYორგანოების ძალისხმევისა, Mმთასა და ბარს შორის განვითარებაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების დაძლევა ჯერაც ვერ მოხერხდა. ისინი არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

 მდგომარეობის გამოსწორებისათვის, აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად, მთისა და მთისწინეთის სამეურნეო და ბუნებრივი პოტენციალის რაციონალური გამოყენება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება უნდა გახდეს. ამისათვის კი საჭიროა კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და რეალიზაცია.

ჩვენი აზრით, დღეისათვის მთიანეთის განვითარების პოლიტიკის ძირითადი მიზანი უნდა იყოს:

- მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა;

- კულტურული ლანდშაფტების, როგორც საერთო ეროვნული საკუთრების შენარჩუნება;

- ეკონომიკურად პროდუქტიული ზონების შენარჩუნება და განვითარება;

- საზღვრის დამცველთა კონტიგენტის უზრუნველყოფა ადგილობრივი წარმოების სურსათით;[1]

- სოფლის მეურნეობის, აგროტურიზმისა და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.

ამ მიზნის რეალიზაციასა და არსებულ პრობლემათა გადაჭრას უდავოდ წაადგება სახელმწიფო საკრედიტო პროგრამის შემუშავება მთიანეთისათვის, რომელიც პრაქტიკულად ხელახლა ასათვისებელია (მოსახლეობის დასაქმება-დამკვიდრება, თავდაცვითი ზოლის ფუნქციის აღდგენა, აგროსასურსათო ბალანსის ფორმირებაში საკუთარი ადგილის მიჩენა და სხვა). ყოველივე ამას დიდი სტრატეგიული დატვირთვაც აქვს. ამისათვის მთავრობამ სპეციალური პროგრამა უნდა შექმნას ევროგაერთიანების თანამონაწილეობით და ალპური კონვეციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, რომელთანაც საქართველოა შეერთებული.

მთისა და მთისწინეთის მდგრადი განვითარებისათვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს:

- მიწის სავარგულებისა და დაცული ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა;

- ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერაციული გაერთიანებების განვითარება;

- ანალიტიკურ-ინფორმაციული სამსახურის ფორმირება;

- გარემოს დაცვა და გაჯანსაღება;

- მეცხოველეობის პროდუქციის (განსაკუთრებით ეკოლოგიურად სუფთა) წარმოების განვითარებისა და რეალიზაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;

- ადგილობრივი წარმოებისა და ხალხური რეწვის პროდუქციის რეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნა

- ახალგაზრდა ფერმერთა საქმიანობის მხარდაჭერა და წახალისება;

აღნიშნული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის კვალობაზე შესაძლებლად მიგვაჩნია განხორციელდეს შემდეგი პროგრამები:

- ადგილზე სარეალიზაციო და საცალო საექსპორტო ფასებს შორის განსხვავების დასაფარავი სუბსიდირების პროგრამა;

- კომერციული ბანკიდან აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროგრამა;

- სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სტიმულირების პროგრამა;

- სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას შორის პროდუქციის ნაკადების პარიტეტული მიმოქცევის მხარდაჭერის პროგრამა;

- საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა და სხვა.  სოფლის მეურნეობის, როგორც ეკონომიკის „სუსტ რგოლის“, საკუთარი „სუსტი რგოლი“

- მეცხოველეობაა, სადაც მწარმოებლურობა მოწინავე ქვეყნებთან ჩამორჩენა, საშუალოდ 4-6-ჯერადია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ზრდის სიმძიმის ცენტრი შინამეურნეობებიდან თანდათან უნდა გადავიდეს მსხვილ, სასაქონლო ორიენტაციის ფერმერულ მეურნეობებსა და კოოპერატივებზე, რაც პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემს ხორცის წარმოება გაიზარდოს დაახლოებით 3-ჯერ  - 260-280 ათას ტონამდე, კვერცხის წარმოება კი - არანაკლებ 2-ჯერ  - 1300 ათას ცალამდე.

მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების პროგნოზული დონის მიღწევისათვის, საკვები ბაზის გაფართოების მიზნით, ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნათესი ფართობის სტრუქტურაში. მეცხოველეობის დარგი ძირითადად დაკმაყოფილდება ადგილობრივი წარმოების უხეში და წვნიანი საკვებით, ხოლო კონცენტრირებული საკვები ძირითადად იმპორტული იქნება. ხორცის წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია მეცხვარეობას, რომელზეც ამჟამად მოდის საქართველოში წარმოებული ხორცის მხოლოდ 6 პროცენტი, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე მისი წარმოების შესაბამისი მაჩვენებელი ანალოგიურ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს დაახლოებით ¼-ით ჩამორჩება. მეცხვარეობის განვითარებას საგრძნობლად აფერხებს ზამთრის საძოვრების უქონლობა და სათიბ-საძოვრული მეურნეობის მოუგვარებლობა. დღეისათვის ქვეყანას არ გააჩნია სათიბ-საძოვრების გამოყენების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ბაზა, არ მომხდარა ამ საძოვრების განაწილება და სარაიონთაშორისო გადანაწილება, რაც სერიოზული დამაბრკოლებელი მიზეზია მეცხვარეობის განვითარებისათვის. მეცხვარეები ზამთარს ფაქტობრივად იმავე პირობებში ატარებენ, როგორც ორი საუკუნის წინ ქართველ მწერალს ალექსანდრე ყაზბეგს უხდებოდა. ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობის გამო, ახალგაზრდობა უარს ამბობს მოუაროს ცხვარს. საბჭოთა პერიოდშიც კი ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ იდგა და კამპანიურ ხასიათს ატარებდა.

მეფრინველეობის ხაზით მიზანშეწონილია კონცენტრაციის დონის ამაღლება მსხვილ სპეციალიზებულ მეფრინველეობის ფაბრიკებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ერთობლივად შექმნილ საწარმოებში.

დაბოლოს, ერთ-ერთი უძველესი დარგის – მეფუტკრეობის შესახებ.

ქართული ფუტკრის გამორჩეული თვისებები (გრძელხორთუმიანობა და მაღალი პროდუქტიულობა) უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ამ დარგის მაღალ დონეზე განვითარებისათვის. საქართველოში არსებობს ყველა პირობა ფუტკრის ოჯახებისა და თაფლის წარმოების სულ ცოტა, 4.5-ჯერ (შესაბამისად, 0.5 მილიონ ოჯახამდე და 10 ათას ტონამდე) გაზრდისათვის. ამ რეზერვის რეალური ამოქმედება საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ, ჯერ ერთი, იმპორტული შაქრის თაფლით ჩანაცვლება, რასაც, გარდა ეკონომიკური მნიშვნელობისა, წმინდა ფიზიოლოგიური დატვირთვაც გააჩნია კვების რაციონის გამდიდრებისა და გაჯანსაღების თვალსაზრისით, მეორეც, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ნატურალური თაფლის ექსპორტი, რომელმაც 2022 წელს პირველად გადააჭარბა 1 მილიონი დოლარის მიჯნას.

ჩვენს მიერ ზემოთ განხილული სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგების განვითარების ორიენტირების რეალიზაციამ უნდა შექმნას ქვეყნის მოსახლეობისათვის აუცილებელი სურსათის ის მარაგი, რომელიც საჭიროა სრულფასოვანი და რაციონალური კვებისათვის.

ღონისძიებები სამომხმარებლო ბაზრის განვითარებისათვის

რეგიონული სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია  სასურსათო ბაზრების არსებობა. სოფლის მეურნეობის პროდუქტების  რეგიონული ბაზარი უზრუნველყოფს ლოკალიზებული სასურსათო რესურსების რეპროდუქციას (აღწარმოებას) და აგრეთვე განაპირობებს  რეგიონული და  რეგიონთაშორისი სასურსათო პროდუქციის გაცვლის სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს, რომლებიც განსაზღვრულია ეკონომიკური ურთიერთობების მთელი ერთობლიობით  (წარმოება, განაწილება,  გაცვლა და მოხმარება). ამასთან, რეგიონის აგრარული სფეროს ნორმალური  ფუნქციონირებისათვის დაუშვებელია რეგიონთაშორისი რაიმე სავაჭრო ბარიერების არსებობა. ეკონომიკის ტრანსფორმაციის დროს, მხოლოდ ცივილიზებული ბაზრის სისტემის შექმნის პირობებში შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს სოფლის მეურნეობის განვითარება, რეგიონული ეკონომიკის  საწარმოო და სოციალური  ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა იქნეს აღდგენილი მთავარი მიზნის მისაღწევად - მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება მოხმარების მოცულობის გაზრდისა და სურსათის ხარისხის გაუმჯობესების გზით. სამომხმარებლო ბაზრების განვითარებისთვის, თავის მხრივ,  აუცილებელია: სამართლებრივი ბაზის  შექმნა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის  პრინციპის საკანონმდებლო გამყარებას და პრაქტიკულ რეალიზაციას; რეგიონული სასურსათო ფონდის შექმნა; რეგიონის ტერიტორიაზე სასურსათო  პროდუქტების საბითუმო ბაზრების  და ბაზრობების შექმნა; ადგილობრივი პროდუქტების მწარმოებლების პრიორიტეტის უზრუნველყოფა, იმპორტირებული და რეგიონის ტერიტორიაზე შემოტანილი პროდუქციის ადგილობრივი წარმოების საქონლით ჩანაცვლება; სამომხმარებლო ბაზრების ინფორმაციული სტრუქტურის განვითარება; სამრეწველო საქონლისა და სასურსათო პროდუქტების  წარმოებასა და მოხმარებას შორის ბალანსის უზრუნველყოფა; სამომხმარებლო დარგების ბაზრების ტექნიკური აღჭურვილობით გადაიარაღების  მხარდაჭერა სამომხმარებლო თვისებების მქონე პროდუქციის წარმოებისა და  შესაბამის იმპორტირებულ საქონელთან კონკურენციისათვის.

რეგიონში საბითუმო ბაზრების რეგიონული სისტემის განვითარების ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, საწარმოო კოოპერატივების  აქტიური მონაწილეობით და  შემდეგი სფეროების გამოყოფის საფუძველზე: რეგიონის მომხმარებლებზე ორიენტირებული მრავალპროფილური უნივერსალური საბითუმო სასურსათო ბაზრების შექმნა;  რაიონთაშორისი საბითუმო სასურსათო პროდუქტების ბაზრების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის სავაჭრო ქსელებს. რაიონთაშორისი საბითუმო ქსელის არსებობას შეუძლია ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი რაიონული საბითუმო სასურსათო ბაზრების სისტემა, რომლებიც  სრულად უზრუნველყოფს რეგიონს საკმარისი სურსათით; რეგიონთაშორისი საბითუმო სასურსათო ბაზრის შექმნა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 1998 წლის N3  დადგენილებით  „საქართველოს სასაქონლო ბაზრების ინფრასტრუქტურის განვითარების კომპლექსური პროგრამის შესახებ“,  ბაზარი უზრუნველყოფს სურსათის  გაცვლას ქვეყნის ოლქებს, ქალაქებსა და რეგიონებს შორის; დიდი აგლომერაციების საბითუმო ბაზრებზე გასვლა (თბილისი, რუსთავი, ბორჯომი, ახალციხე, ზესტაფონი, ქუთაისი); სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერთიანი აგრარული ბაზრის შექმნა და მსოფლიო  სასურსათო  ბაზრებზე უფრო მასშტაბური პოზიციონირება.

ეროვნული სასურსათო პროდუქტების  საბითუმო  ბაზრების ფორმირებაში რეგიონული მართვის ორგანოები პირველ რიგში უნდა  გამოდიოდნენ  საკუთარი წარმოების შესაძლებლობებიდან. დღეს, ქართული ეკონომიკის ტრანსფორმაციისა  და მსოფლოს ეკონომიკის  გლობალიზაციის პირობებში, მომწიფდა ვერტიკალურად ინტეგრირებული სტრუქტურების რეგიონული სისტემის ჩამოყალიბების, კოოპერაციისა და ინტეგრაციის თანმიმდევრული განვითრების, მეტად რენტაბელური კოოპერატიული წარმოების შექმნის ობიექტური აუცილებლობა, რაც ორიენტირებული იქნება რეგიონული და რეგიონთაშორისი სასურსათო ბაზრების დაპყრობაზე და მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე გასვლაზე. საბოლოო ჯამში კი ყოველივე ზემოთ აღნიშნული მოემსახურება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითრების ამაღლებას, ეკონომიკის ინკლუზიურობას, დასაქმებას, რეგიონის მაცხოვრებელთა კეთილდღეობას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

დასკვნა

სასურსათო უშიშროების ასპექტი რომ უშიშროების მრავალი ასპექტიდან ერთერთი უმნიშვნელოვანესია, განპირობებულია იმით, რომ მას ყველაზე მეტი სკრეპი, კავშირი გააჩნია უსაფრთხოების სხვა ასპექტებთან და ქვეყნის დამოუკიდებელი და მდგრადი განვითარების შესაძლებლობებთან. ფაქტობრივად, იგი დიდწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკის დამოუკიდებლობის ხარისხს. ამასთან, სასურსათო უსაფრთხოება ყველაზე „ყოფიერი“, „მიწიერია“ უსაფრთხოების სხვა ასპექტებთან შედარებით და ამითაც მის უზრუნველყოფაში უაღრესად მაღალია რეგიონული ასპექტის მნიშვნელობა: საკითხი - ადგილებზე მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფა განპირობებულია ადგილობრივი რესურსების წარმოების მასშტაბებზე  თუ წარმოადგენს მაცხოვრებლებისათვის სახელმწიფოს მიერ ერთიანი ცენტრიდან განაწილებულ, საბაზრო ეკონომიკისეულ „ციურ მანანას“  - მეტაფორული დატვირთვის კი არა, არამედ ეგზისტენციური დატვირთვის პრობლემაა. აღნიშნულ საკითხს საქართველოსათვის განსაკუთრებით პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფის მდგომარეობა, რაციონალურ ნორმებთან როგორც რაოდენობრივი, ისე განსაკუთრებით ხარისხობრივი კუთხით, ჯერაც საკმაოდ დაშორებულია ოპტიმალური დონისაგან. შესაბამისად, უახლოესი წლების სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის ერთერთ ძირითად მიმართულებად სწორედ ქვეყნის მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფის არსებითი გაუმჯობესება უნდა გახდეს - ამ საქმეში რეგიონების აქტიურობისა და წვლილის მნიშვნელოვანი ზრდით. რეგიონული ფაქტორის გაძლიერება კი გულისხმობს საქართველოს მთიანეთის პოტენციალის უფრო სრულად გამოყენებას. ეს კომპლექსური საკითხია და საქართველოს მთის რეგიონის (რეგიონების) ეკონომიკური ფუნქციის გაძლიერებასთან, ადგილობრივი რესურსების და სამუშაო ძალის უფრო რაციონალურად გამოყენების, აგრარული პროდუქციის წარმოების გარდა გულისხმობს აგრეთვე თავდაცვითი ფუნქციის გაძლიერებასაც, მთაში მცხოვრებთათვის ეკონომიკურთან ერთად ინსტიტუციურ დონეზე თავდაცვითი ფუნქციის მინიჭებას.

მნიშვნელოვანი როლის შესრულება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში  შეუძლია რეგიონების დონეზე სასურსათო ბაზრების განვითარებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებების უფრო სრულად დაკმაყოფილების გარდა გულისხმობს ადგილობრივი მწარმოებლების, ფერმერების მოტივაციის ზრდას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისათვის.

სასურსათო უშიშროების საკითხი მოითხოვს სახელმწიფოს აქტიურ, კომპლექსურ ძალისხმევას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდისთვის ორგანიზაციულ, ფინანსურ და ინსტიტუციურ მხარდაჭერას, აგრეთვე ამ დარგში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისებას, ამა თუ იმ სახის აგრარული პროდუქციისათვის სპეციალური ხელშემწყობი პროგრამების რეალიზაციას.

მხედველობაში მისაღები ის გარემოებაც, რომ ამ დარგის მულტიპლიკაციის ეფექტი საკმაოდ მაღალია - იგი დაახლოებით  4-5-ჯერ აღემატება მრეწველობის ანალოგიურ მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობასთან პირდაპირაა დაკავშირებული ეროვნული მეურნეობის დარგების 1/3-ზე მეტი. დარგში მოქმედი ერთი სამუშაო ადგილი უზრუნველყოფს სხვა დარგებში 5-6 სამუშაო ადგილის შექმნას. შესაბამისად, აგრარულ სექტორში საქმიანობის სოციალური და ეკონომიკური პრესტიჟულობის ზრდა არა მარტო უზრუნველყოფს ეკონომიკის აღნიშნულ სეგმენტში დასაქმების სტაბილურ დონეს, სოფლიდან მიგრაციის მოტივაციის შესუსტებას, არამედ ქმნის მყარ საფუძველს ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებში დასაქმებისა და შესაბამისად, დამატებული ღირებულების ზრდისთვის. აღნიშნულ გარემოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს რეგიონებისათვის, განსაკუთრებით მთიანეთისათვის, სადაც მიგრაციიის, სამუშაო ძალის დეფიციტისა და ზოგადად, დემოგრაფიული ვითარების მხრივ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. მთლიანობაში, აგრარული სექტორის განვითარება უზრუნველყოფს სასურსათო უშიშროებას და ამ გზით - ქვეყნის უშიშროების განმტკიცებას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. რევაზ ასათიანი, პაატა კოღუაშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობა - გამოწვევები და პერსპექტივები. - თბილისი, „პოლიგრაფი“, 2023.

2. პაატა კოღუაშვილი, იოსებ არჩვაძე. საქართველოს სოფლის მეურნეობა თანამედროვე გამოწვევების წინაშე. – „ეკონომიკა და ბიზნესი“, N3, 2020.

3. იოსებ არჩვაძე. აგრარული სექტორის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საქართველოს ეკონომიკაში. – „ეკონომიკური პროფილი“, N17, 2017.

4. ნოდარ ჭითანავა. საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები. - თბილისი, ივერიონი, 2015.

5. ხარაიშვილი, ე. კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის დონის განსაზღვრის მეთოდოლოგიური თავისებურებები საქართველოს აგროსასურსათო სექტორში. - გლობალიზაცია და ბიზნესი, N10, 2020.

6. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალები. – geostat.ge.

 


[1]ამ მხრივ ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკა, რაც სასაზღვრო ჯარის გარანტირებულ გამოკვებას და ამ ზონაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გეგმაზომიერ განვითარებას უზრუნველყოფს.